
კანკავა – EURO 2024-ზე: გერმანიაში ნაკრებს როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში
24/05/2024 07:53:59 საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა კანკავა აცხადებს, რომ EURO 2024-ზე იგი არ ითამაშებს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
აღსანიშნავია, რომ კანკავა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა EURO 2024-ისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების 26-კაციან განაცხადში შეიყვანა. ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიზეზებზე "პოსტში" არ საუბრობს.
"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.
თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.
გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება" - წერს ჯაბა კანკავა.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.
გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნება. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.