
ლარი გაუფასურდა
06/01/2020 13:06:00 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8716 ლარი ეღირება, ერთი ევრო – 3.2150 ლარი.
6 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8672 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.1918 ლარი.
ცნობისთვის: ირანელი გენერალ–მაიორის ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა. 3 იანვრიდან დღემდე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით 4 დოლარით გაიზარდა.
ორშაბათ დილის მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 2,4%–ით გაიზარდა და ბარელზე 70 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება აშშ–ის თხევადი ნავთობის ფასს, ის 1,7 %–ით გაიზარდა და ბარელზე 64,12 აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, 6 იანვარს პირველად 2013 წლის აპრილის შემდეგ, ოქროს ფასმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, ოქროს ფასი კიდევ 1.6% –ით გაიზარდა და უნციაზე 1,579.72 აშშ შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირაში ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. გუშინ ირანმა ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა.