
შსს: სასაზღვრო პოლიციას კიდევ ერთი ახალი, ევროპული ტიპის ვერტმფრენი შეემატა
23/05/2024 07:15:46 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა.
"მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში მოხდა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება", – აცხადებენ შსს–ში.