
მსოფლიო ბანკი: თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ შავი ზღვის კაბელის განხორციელებას ESPIRE–ის მე-2 ფაზის დაფინანსებაც დაიწყება
22/05/2024 07:19:42 ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის ცნობით, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა. როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ESPIRE პროგრამის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება".
გარდა ამისა, ESPIRE პროგრამის მიზანზე მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებას შავი ზღვის ფსკერის კვლევების საშუალებით".
მისივე თქმით, "იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით".
რა თქვა როლანდ პრაისმა
როგორც მან აღნიშნა, "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. ESPIRE პროგრამის დანიშნულებაა BSSC პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა".
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის (ESPIRE) პროგრამის პირველი ფაზის დასაფინანსებლად. ეს პროგრამა შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და სტრატეგიული რეგიონული ინიციატივის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს, რადგან ამ ინიციატივის მიზანია:
- ენერგოუსაფრთხოების ამაღლება
- ენერგომიწოდების დეკარბონიზაცია განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობით, და
- ციფრული კავშირების ზრდა შავი ზღვის რეგიონის გასწვრივ და მის მიღმა.
ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებას შავი ზღვის ფსკერის კვლევების საშუალებით. ის ასევე მხარს დაუჭერს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით.
BSSC შექმნის შესაძლებლობების მთელ რიგს საქართველოსთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, ესენია:
- ელექტროენერგიის ექსპორტი;
- სუფთა ენერგეტიკის განვითარება მასთან დაკავშირებული სარგებლით, რაც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
- ენერგოუსაფრთხოება და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა პირდაპირი კავშირებით ევროპის მსხვილ ელექტრობაზართან;
- ციფრული კავშირების შესაძლებლობების გაძლიერება და შედეგად, ინტერნეტკავშირის ხარჯების შემცირება, გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და რეზერვის შექმნა საერთაშორისო ციფრული კავშირისთვის შავი ზღვის გასწვრივ;
- ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციის მეშვეობით და ამით ეკონომიკური მდგრადობის გამყარება მონაწილე ქვეყნებს შორის.
მსოფლიო ბანკის ჯგუფს უნიკალური პოზიცია უკავია თავისი მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოცდილებით, ფინანსური რესურსებითა და ორგანიზაციული პოტენციალით, რათა პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს მთავრობებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან, პოტენციურად ტრანსფორმაციული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ხელშესაწყობად", – განაცხადა მან.