
სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროტესტის კვირეული იწყება
20/05/2024 10:24:12 საზოგადოება
სტუდენტების ნაწილის ორგანიზებული პროტესტის კვირეული იწყება. სტუდენტური პროტესტის კვირეულის ფარგლებში, პირველი მსვლელობა დღეს 18:00 საათზე გაიმართება.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს ორ ლოკაციაზე - სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და წერეთლის მეტროსადგურთან შეიკრიბებიან, ფინალური ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საბოლოო ლოკაცია მსვლელობისას გახდება ცნობილი.
„სტუდენტებმა გაფიცვით ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ. თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას საბოლოო მიზნამდე, განვაგრძობთ მოქმედებას.
ყოველი პროტესტის წინა დღეს გავასაჯაროებთ რეალურ ლოკაციებს. გპირდებით მასშტაბურ და თვისობრივად ახალ პროტესტს, დამატებით დეტალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ“,- წერია ინფორმაციაში.
მსვლელობების ორგანიზატორები არიან: თსუ-ს სტუდენტები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, BTU აქტივობები და აქტივისტი მედიკოსები დაშავებული აქტივისტებისთვის.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.