Accentnews.ge
"სამწუხაროდ, ვერ გამიხსენეთ...კანონი წავიკითხე და შედეგებიც განვჭვრიტე" – როსტომ ცხვედიანი ეკატერინე ხვედელიძეს პასუხობს

"სამწუხაროდ, ვერ გამიხსენეთ...კანონი წავიკითხე და შედეგებიც განვჭვრიტე" – როსტომ ცხვედიანი ეკატერინე ხვედელიძეს პასუხობს

17/05/2024 07:17:15 საზოგადოება

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი როსტომ ცხვედიანი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ცოლს – ეკატერინე ხვედელიძეს პასუხობს. ხვედელიძემ ცხვედიანის მოწოდების საპასუხოდ, ეთამაშა პოზიტიური როლი შექმნილ უკიდურესად დაძაბულ და სახიფათო გარემოში, წერილი გაავრცელა.

"ქალბატონო ეკა!

ძალიან ბევრი ვიფიქრე, პასუხი რამდენჯერმე დავწერე და გადავწერე. ბოლოს ერთი ამოვარჩიე. თუმცა საუკეთესოდ არც ეს მიმაჩნია.

სიმართლე გითხრათ, თქვენგან პასუხს არ ველოდი და ამისთვის დიდი მადლობა.

ახლა ისეთი პასუხი მინდა მოგწეროთ, რომ არც უმადური გამოვიდე და არც თქვენ თქვათ, თუ სამი დღის წინ ასე მშობლიური ტონით მომმართავდა, ახლა ეს რა ხდებაო? მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ და თან არც ის მინდა, რომ ვინმემ თქვას, ქალბატონ ეკას იმიტომ მიმართა რომ........ და რაღაც კუდები გამოაბან. მე ეს არ მჭირდება.

ვფიცავ მაღლა ღმერთს და ქვეყანაზე ყველა საფიცარს, რაც გავაკეთე, ჩემი აზრით, მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. რადგან ახლაც მჯერა, რომ ამ სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის გაკეთება კი თქვენ ძალგიძთ! და მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა და მამათქვენის მეგობარმა, მოგმართეთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, რაც დღეს ხდება არავის არ მოგვწონს და თითეულმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უარესი არ მოხდეს.

ახლა კიდევ რამდენიმე შტრიხს დავამატებ ჩემი და სულკურთხეული ფედიას ურთიერთობიდან. ის ჩემი არა მარტო მეგობარი იყო, არამედ ჩემი იმდენად სჯეროდა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანის, საკუთარი დედის, თქვენი ბებიის, ოპერაციაც (მართალია დიდი ოპერაცია არ იყო, მაგრამ მაინც), მე მომანდო. გარდა ამისა, ვანში და სამტრედიაში როცა მას ვხვდებოდი, რესტორანში კი არ მივყავდი, არამედ როგორც მეგობრებს ეკადრებათ, სახლში მპატიჟებდა და ქალბატონი ლუდას გაწყობილ სუფრასთან ვსადილობდით და ვსაუბრობდით.

სწორედ ამიტომ მე თქვენი ერთგული უნდა ვიყო და ვარ კიდეც. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა მოგახსენოთ: მე ეს კანონი წავიკითხე და მისი შედეგებიც განვსჭვრიტე. მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად, რომ მე, ექიმი კაცი, იურისტებთან დავჯდე და ამ კანონის ავ-კარგზე ვიდავო. ეს ხომ იგივეა, რომ მე იურისტები საოპერაციოში მოვიწვიო და ოპერაციის გაკეთებაში შევეჯიბრო. მე ამ კანონზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ იურისტებთან დისკუსიაში ვერ ჩავებმები, ეს საქმე სჯობს პროფესიონალებს მივანდოთ.

მთელი ცივილური სამყარო (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები) ამ კანონს იწუნებს და გვეუბნება, თუ ამ კანონს მიიღებთ, თქვენთვის არა თუ დასავლეთის კარი დაიკეტება, არამედ სხვა ღონისძიებებსაც მივმართავთო. დამეთანხმებით, ეს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს არანაირად არ წაადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა და, მეთქვა ის, რასაც განვიცდიდი, ვფიქრობდი და მაწუხებდა. ვინიდან მიმაჩნია, რომ ერთგული ისაა, ვინც რეალობას გეტყვით და თვალწინ სინამდვილეს დაგიხატავთ.

უღრმესი პატივისცემით და მშობლიური სიყვარულით,

როსტომ ცხვედიანი",– წერს ცხვედიანი საპასუხო წრილში.

მანამდე ცხვედიანმა ერთ–ერთი ეთერიდან მიმართა ივანიშვილის ცოლს თხოვნით:

„მჯერა, შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის… თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე… მუხლზე დაჩოქილი გთხოვ, გემუდარები შვილო ეკა, გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონი ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის“.

ამას მოჰყვა ხვედელიძის პასუხი, რომელიშიც მხარი დაუჭირა "აგენტების კანონს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S