Accentnews.ge
POSTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა: "ახლა არ შემიძლია გასართობი გადაცემის წაყვანა"

POSTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა: "ახლა არ შემიძლია გასართობი გადაცემის წაყვანა"

16/05/2024 13:28:44 საზოგადოება

ტელეარხ POSTV-ზე მომღერალ ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა.

"ჩემი თხოვნა და ინიციატივა იყო, რომ გაგვეჩერებინა გადაცემა იმიტომ, რომ ახლა არ შემიძლია გასართობი გადაცემის წაყვანა. არ ვიცი [დაბრუნდება თუ არა], საერთოდ ვიცით, ვინ სად ვბრუნდებით და რას ვაკეთებთ? ასეთი მღელვარება და მდგომარეობაა ქვეყანაში და რა დროს ჩემს გადაცემაზე ლაპარაკია. არც [დახურვა] გამიკვირდება, საერთოდ არაფერი აღარ მიკვირს ამ ქვეყნად, მაგრამ არ მომხდარა და ტყუილს ხომ ვერ ვიტყვი? არავის ჩემი გადაცემა არ დაუხურავს, უბრალოდ გავაჩერეთ გადაცემა. ჩემი ინიციატივა იყო, ვუთხარი, რომ ვერაფრით წავიყვან ახლა ამ გადაცემას", - თქვა მან "ფორმულასთან" საუბრისას.

მანამდე, ტელეწამყვანმა ანა ამილახვარმა განაცხადა, რომ "ძალადობის დაგმობისა და "აგენტების კანონის" შემობრუნებაზე გაოცებისთვის POSTV-დან გაათავისუფლეს".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S