მოსკოვი "ქართულ ოცნებას" იცავს, "ოცნება" კი მოსკოვური ნარატივებით გვესაუბრება
16/05/2024 08:21:37 პოლიტიკა
რუსი პოლიტიკოსები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და უკრაინულ "მაიდანს" შორის ავლებენ პარალელებს.
ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინე კოსაჩოვმა სწორედ ამ კონტექსტში შეაფასა ევროპელი დიპლომატების 15 მაისის ვიზიტი საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ მორიგ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ.
"ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის (ყველა ნატო-სა და ევროკავშირის წევრია) საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა ოთხშაბათს თბილისში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაში - ეს იყო იგივე სახდეპელი ვიქტორია ნულანდი მისი თაფლაკვერებით კიევურ მაიდანზე. ქვეყნები იცვლებიან, მეთოდები კი უცვლელი რჩება - საცდელი ვირთხების სუვერენიტეტის მიმართ სრული უგულებელყოფა და მთელი მსოფლიოს თვალწინ მათ შიდა საქმეებში ჩარევა" - წერს კოსაჩოვი თავის ტელეგრამ-არხში.
რუსი პოლიტიკოსი, კრემლისა და რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლების მსგავსად, ღიად უჭერს მხარს "ქართული ოცნების" ხელსუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მიღებისა და დაცვის გამო.
"უცხოური გავლენის გაჭვირვალეობის საკანონმდებლო რეგულირება - ეს იმპერატივია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც იცავს თავის კონსტიტუციას და ხალხს გარედან დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალებებისგან. სამი უცხოელი მინისტრი კი თავისი მოუქნელი ქმედებებით ქუჩიდან მოითხოვს უცხოური გავლენის შენარჩუნებას და ამით მხოლოდ ამწვავებს ამ თემას. მეტად გამჭვირვალე რაღა უნდა იყოს?!" - წერს კოსაჩოვი.
ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებს გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი.
"ექსტრაორდინალური არაფერი - უცხოეთის აგენტები სათავეში ჩაუდგნენ კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციას. ყველას გვახსოვს ანალოგიური სურათი უკრაინაში და ისიც, თუ რით დასრულდა ეს ყველაფერი - როგორ იქნა ხელყოფილი უკრაინის ინტერესები. ვიმედოვნებ, ქართველები იმ მოვლენებიდან გაკვეთილის გამოტანას შეძლებენ" - ციტირებს პოლიაკოვს "რია ნოვოსტი".
ანალოგიურ სადეზინფორმაციო ნარატივებსა და მანიპულაციებს ამ დღეებში მრავლად ვხვდებით რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, რომლის კორესპონდენტები თბილისშიც არიან ჩამოსულები და პარლამენტის შენობაზე არარსებული "ბანდერას მადიდებელი პლაკატები შენიშნეს".
სამწუხაროდ, რუსულის ანალოგიური პროპაგანდისტული ნარატივები გვესმის დღეს თავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდანაც. ისინი 15 მაისს საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა დასწრებას "არამეგობრულ ჟესტად" და მეტიც - "პირდაპირ მტრობად" აფასებენ.
"ეს არის უცხოეთიდან მართული გადატრიალების, რევილუციის მოწყობის მცდელობა. ამის მაგალითია ის უცხოელებიც კი, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ და პირდაპირ მიტინგზე მიდიოდნენ. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს?! ეს მეგობრობა კი არა, პირდაპირი მტრობაა და ქვეყანაში პოლარიზაციის გამწვავების მცდელობა" - განაცხადა პრო-სახელისუფლები ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში თბილისის მერმა კახი კალაძემ.
ამასთან, ლუბიანკური სადეზინფორმაციო პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში, ვხედავთ ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მანიპულაციურ მცდელობებსაც.
კერძოდ, პარლამენტის პისკერმა შალვა პაპუაშვილმა უცხოელი დიპლომატების 15 მაისის საპროტესტო მიტინგში მონაწილეობა შეაფასა "იმის სიმპტომად, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავისი მსოფლმხედველობის ნაწილი თავის დაუძინებელ მოწინააღმდეგეებს გადასცა":
"რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიერ მართული აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფისადმი მიმართვა და მათი "მთელ ერად" მოხსენიება - მსგავს ქცევას შეიძლება, საბჭოელი ან რუსი პროპაგანდისტებისგან ველოდეთ, მაგრამ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან. გარდა ამისა, დახმარება დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გადატრიალებაში იმის გამო, რომ მის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონთ - ეს რაღაც საბჭოთა სპექტაკლიდან გადმოკოპებულ რამეს ჰგავს" - დაწერა პარლამენტის სპიკერმა სოცქსელ Х-ში.
"საქართველოს ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის მთავრობებმა "მეტისმეტად შორს შეტოპეს თავის რიტორიკაში და ნებისმიერი, ვინც მათ რიტორიკას არ ეთანხმება, ავტომატურად ცხადდება მტრად" - ასეთია პაპუაშვილის ნარატივი, რომელიც მეტისმეტად ემთხვევა რუსულს.
"ეს ყველაფერი არასწორია. საქართველოს მთავრობა დიდი ხანია, დემონსტრირებს ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობებისა და პოლიტიკისადმი ერთგულებას, თუმცა დღეს, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის გაჭიანურების გამო, საქართველო ნიშვნეოვანწილად მარტო დარჩა უცხოეთიდან მომავალი საფრთხეების წინაშე. ერთ-ერთი ასეთი საფრთხე არაგამჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის - რადკალური დაჯგუფებებისთვის" - აცხადებს პაპუაშვილი და "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონს აფასებს "ამ გამოწვევაზე პასუხად, რომელიც სრულად ეწერება დემოკრატიული მმართვლობის ჩარჩოებში".
"საპროტესტო აქციაში უცხოეთის ოფიციალური პირების მონაწილეობა საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის იგნორირებაა და წარმოადგენს საუკეთესო შემთხვევაში თვალთმაქცობას, უარესში კი - ქვეყანაში გადატრიალების მცდელობას" - დასძენს პაპუაშვილი.


