ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციას შეუერთდნენ: ჩვენ არასდროს მიგატოვებთ
15/05/2024 18:13:58 პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. მათ მსვლელობით დემონსტრანტებთან ერთად გაიარეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობამდე. მოგვიანებით კი შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი ქართველებისთვის.
"მე მინდა ქართველი ხალხისთვის ის მომავალი, სადაც გარანტირებულია ევროპული მომავალი. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ყველა ჩვენგანმა უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი, ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს მიმდინარე პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: სად მივდივართ? ", კითხვით მიმართა მან შეკრებილებს, რაზეც მომიტინგეებმა უპასუხეს: "ევროპაში".
"მარტო აღარასდროს იქნებით", – ასე მიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკანამ მომიტინგეებს.
"მე ჩამოგიტანეთ ყველაზე თბილი, კეთილი სურვილები ესტონელი ხალხისგან, თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენი იმდენი რამ გვაქვს საერთო, იმიტომ, რომ ერთ ისტორიას ვიზიარებთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის თავისუფლების ფასი და ვიცით, რომ თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე. გვჯერა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იყოს, რა ღირებულებები ჰქონდეს და დაიცვას. მე ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთი და იგივე ღირებულებები გვქონდეს, დემოკრატიისა და ჩვენი თავისუფლების. როცა ესტონეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველამ ერთად, როგორც ერმა, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა, ჩვენი კურსი და ამ გზაზე ჩვენ არასდროს ვიქნებით მარტო. ევროკავშირის წევრობის გარეშე, ვერ ვიდგებოდი დღეს თქვენს წინაშე, როგორც თავისუფალი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს თავისუფლების დაკარგვა, როცა კარგავ არჩევანის თავისუფლებას, სად გინდა იყო, რა ღირებულებებს იცავ. ქართველო ხალხო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა თქვენთან ვართ და მარტო აღარასდროს იქნებით. თქვენ, როგორც ერმა გადაწყვიტეთ თქვენი გზა ევროპისკენ, ეს არის თქვენი ადგილი. ყველა ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გაგრძელდეს", – მიმართა მან დემონსტრანტებს.
ესტონელი და ლიეტუველი კოლეგების მსგავსად, ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ჩვენ ვიყავით პატარა ერი, რომელმაც გაიარა რთული გზა, მაგრამ დღეს მე აქ ვარ, თქვენ გვერდით იმის სათქმელად, რომ მარტო არ ხართ და თქვენ გაქვთ ჩვენი პატივისცემა".
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სკანდირება: "მადლობა! მადლობა!"
მოგვიანებით, აქციაზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც მივიდა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.


