"აგენტების კანონი" რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა – რა თქვეს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
15/05/2024 08:13:48 პოლიტიკა
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოს ეწვივნენ.
- საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე პოლიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოში არ ჩამოსულან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით, არამედ, მათი თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყნისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

"ქართველმა ხალხმა ძალადობის და პროპაგანდის მიუხედავად, დააფიქსირეს მათი ევროპული მისწრაფებები. თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ყველა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. მე მჯერა, რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს.
- ჩვენი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით დღეს აქ, არის ის რომ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის, რადგან საქართველო იბრძვის დემოკრატიისთვის და მათი ევროპული მომავლისთვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას ვინმეს მიერ ხელყოფილი.
- ჩვენი მეორე ამოცანაა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე სვლას, ამას გარკვეული შედეგები ექნება.
საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევები ნახა, კანდიდატის სტატუსი იყო ამის მტკიცებულება. არის რიგი რეკომენდაციები, რომლის შესრულება ევალება საქართველოს. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაღებული ამ ყველაფრისთვის და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიძლება, იქნას განადგურებული.
ძალიან ცალსახად მინდა, გითხრათ, ეს კანონპროექტი და ზეწოლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს პროგრესს შეაფერხებს NATO-სა და ევროკავშირის გაერთიანების გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში მის განცხადებაში: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი" - დიახ, თქვენ ხართ!", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
რაც შეეხება "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ვეტოს, ლანდსბერგისმა შემდეგი აღნიშნა:
„არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რამენაირი კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა გაასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან, თქვენ ვერ გაალამაზებთ და შეაკეთებთ რაღაცას, რაც ფუნდამენტურად არის ჩვენი ინტერესების საპირწონედ".

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაკნას განცხადებით, "აგენტების კანონი" რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა.
მისი თქმით, ეს კანონი არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს პასუხი ექნება.
"ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის რომ ლექცია ჩაგიტაროთ, რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები სწორედ ამისთვის არის და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ მათ. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც თქვენი მეგობრები, რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების გაჟღერებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა. [...] ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე – სად ვიყოთ, უფრო თავისუფლებისკენ, თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ, ეს არის არჩევანი რომელიც გაქვთ. მე დღეს აქ ვიმყოფები, ვინაიდან ესტონეთს რეალურად ადარდებს საქართველო, ისტორიულად და დღესაც. ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ საქართველოსთვის, ისტორიულად და თქვენ ეს ყველამ იცით. ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ვიზიარებთ იმ შეხედულებებს, რომ საუკეთესო განვითარება ქვეყნისთვის არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას და ყველაფერს, იმას რაზეც დგას ევროკავშირის ღირებულებები, ეს კანონი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან. ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს პასუხი ექნება. ევროინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია კეთილდღეობაზე და თუ თქვენ გაატარებთ რიგ რეფორმებს, რომლებიც თანხვედრაშია ღირებულებებთან, თქვენ ამის შესაბამის შედეგებსაც მიიღებთ. თუ უკუსვლით წახვალთ, თქვენ რიგ შანსებს დაკარგავთ და ამ მიმართულებებით ადამიანების უფლებების დარღვევისა და ზეწოლის შემთხვევაში სანქციები იქნება დაწესებული. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ადგილი ევროკავშირშია. ეს არის პრინციპული არჩევანი და საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული, გადაწყვიტონ, რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის. ჩვენ თქვენთან ვართ ამ გზაზე", -განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე იმედოვნებს, რომ "აგენტების კანონზე" პრეზიდენტი მიერ დაანონსებული ვეტო "იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ მთლიანად გადახედოს მის გადაწყვეტილებას".
"მოხარული ვარ, რომ მომეცა პატივი დავბრუნებულიყავი კვლავ საქართველოში. ჩვენ ვართ საქართველოს ძალიან ახლო მეგობრები. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ თქვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩავერიოთ უხეშად, მინდა, ამას ხაზი გავუსვა. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციაში არის გაწერილი არის მისი ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების სურვილი და 80%-ზე მეტი ქართველი უჭერს ამ დებულებას მხარს, ჩვენ როგორც ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები და როგორც ნორდიკული ქვეყნების წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და ნატო–ს ქვეყნებმა ფინანსური, პოლიტიკური და სხვადასხვა კაპიტალი გავიღეთ, რომ დავხმარებოდით ამ ამოცანის შესრულებისთვის საქართველოს და მინდა ძალიან ცალსახა ვიყო და აღვნიშნო, რომ ეს ინტერესი დარჩება უცვლელი. ჩვენ გვინდა და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად და ნაწილად. მისი ევროპული გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის გზა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ალბანეთის და სხვადასხვა ქვეყნების.
ჩვენ ძალიან ცალსახად გვსურს, დავაფიქსიროთ ის წუხილები, რომლებიც ამ ეტაპზე გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს ძალიან პრაქტიკულ პრაგმატულ ნაბიჯებს, იმისთვის რომ მოერგოს ქვეყანა, მისი სამართლებრივი სისტემა, აღმასრულებელი, ევროპულ სტანდარტებს. ეს ევროპული სტანდარტები არის, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ. ეს არის ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ყველა კანდიდატ ქვეყანას ევალება იგივეს შესრულება, ამ მიმართულებით ძალიან რთულია, გავიგოთ რატომ უნდა ყოფილიყო ეს კონკრეტული კანონი შემოღებული ახლა.
ჩვენ გავიგეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ მთლიანად გადახედოს მის გადაწყვეტილებას. კიდევ გვაქვს რიგი კანონპროექტებისა, რომლებზეც გვაქვს რიგი წუხილები, ასევე ჩვენ გვადარდებს საპროტესტო აქციები როგორ მიმდინარეობს და ის ძალადობრივი აქტები, რომლებიც მიმდინარეობს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მოსახლეობის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა. ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებიც ვართ ძალიან ღია და ძალიან დიდი კაპიტალი გავიღეთ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში", - განაცხადა მან.
![]()
"მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად",- ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი სოლიდარობის გამოსახატად იმყოფება.
„მე წარმოვადგენ პატარა სახელმწიფოს, რომელიც ყოველდღე სარგებლობს იმ ღირებულებების დაცულობის ბენეფიტებით, რომლებსაც ემუქრება აღნიშნული კანონმდებლობა და რასაც ის სინამდვილეში გულისხმობს. მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ჩვენ ეს საკუთარი გამოცდილებით ვისწავლეთ და გვხვდა იმის ბედნიერება, გვემუშავა ბალტიის ქვეყნებთან და უშუალოდ გვენახა მათმა მოგზაურობამ როგორ მოიტანა კეთილდღეობა მათ საზოგადოებაში. ჩვენ ეს მოგზაურობა დავიწყეთ საქართველოს, მისი ლიდერებისა და მისი ხალხისადმი პატივისცემით. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ საქართველო მივიჩნიოთ იმ სამყაროს ნაწილად, რომელიც გამოდის თავისუფლებებისა და უფლებებისთვის, რასაც თავს ესხმის რუსეთი და რაც არის ასახული საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებაში, რომლებიც მხარს უჭერენ ტრანსატლანტიკურ გზას“,- განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.


