მოსკოვი ქართულ-რუსულ კანონთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიციას აკრიტიკებს
15/05/2024 07:15:47 პოლიტიკა
რუსული კანონის უკან მდგომი მოსკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციას აკრიტიკებს. ამ საკითხზე სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული განცხადებები ამჯერად რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.
"აშშ-ის მოთხოვნა, თბილისმა კურსი შეიცვალოს, ვაშინგტონის რეალური ფასეულობების შესახებ კითხვებს ბადებს. მსურს, კერძოდ, ყურადღება გავამახვილო სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ვედანტ პატელის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება არა მარტო აშშ-ის ფასეულობებს, არამედ "თავად ქართველი ხალხის მისწრაფებებს" და რომ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეიცვალოს. ჩნდება დამასუზტებელი კითხვები: 1. პრობლემა იმაშია, რომ ქართული კანონი ამერიკულზე ბევრად რბილია? 2. რატომ უნდა შეესაბამებოდეს საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა სხვის ფასეულობებს? 3. ამერიკულ ფასეულობებში არ შედის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობა?" - წერს ტელეგრამში ზახაროვა.
უნდა აღინიშნოს, რომ იგივე პათოსი და მანიპულაციური დემაგოგია ისმის თავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც.
საქართველოს მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი უწყვეტი მასშტაბური პროტესტის მიუხედავად, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ კრემლის მიერ ინსპირირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონი 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო.


