
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლზე, მათ შორის ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე სარაკეთო თავდასხმის შესახებ იუწყებიან
15/05/2024 04:53:53 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, აფეთქებების შესახებ იუწყებიან.
მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ "მასირებული სარაკეტო შეტევის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს".
მოგვიანებით, რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა „უკრნაცისტების შეტევა მოიგერიეს" და რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ბელბეკის სამხედრო აეროდრომის რაიონში.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში საავტომობილო ტრანსპორტისთვის დაკეტილი იყო ყირიმის ხიდი. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა, თუმცა სავარაუდოდ, ეს სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევას უკავშირდებოდა.
უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით და რაკეტებით პერიოდულად უტევენ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებს. მათ შორის ბელბეკის აეროდრომს, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 38-ე საავიაციო პოლკი. 2023 წლის სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზეც.