
ევროპარლამენტარი – პრემიერს: კობახიძე, თუ გგონია, ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, ცდები
14/05/2024 21:22:43 პოლიტიკა, ციტატა
“ეს კაცი [დავით ქაცარავა] საავადმყოფოში წევს მოტეხილი ყბით, ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში. რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მიწვდა, მაგრამ მიწვდა საქართველოში.
თუ გგონია, რომ ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, კობახიძე, მაშინ ცდები”, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.
მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და მათ ელაპარაკებოდა, რა დროსაც სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ნიღბიანი გამოიქცა მისი მიმართულებით. მოგვიანებით გავრცელდა ქაცარავას დაზიანებების ამსახველი მძიმე კადრები.
ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.
შეგახსენებთ, რომ აქციების მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდზე დაიწყო ამ მუხლით ძიება თუმცა ამ დროისთვის პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.