Accentnews.ge
შსს: აქციაზე 13 ადამიანი დავაკავეთ

შსს: აქციაზე 13 ადამიანი დავაკავეთ

14/05/2024 16:27:23 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს პარლამენტის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილეების შესახებ.

უწყება ამტკიცებს, რომ აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გაცდა მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს და ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება.

"იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი.

პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები.

შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი" - წერს უწყება და იტყობინება, რომ 13 ადამიანი დააკავეს.

აქციის ყველა მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამოა დაკავებული.

დაკავებულთა შორის ცნობილია რომ არიან 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა. ქაცარავა კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, სახის არეში აღენიშნება ძლიერი დაზიანებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S