
400-ზე მეტი არქიტექტორი და დიზაინერი გამოდის "აგენტების კანონის" წინააღმდეგ
14/05/2024 15:17:16 საზოგადოება
400-ზე მეტი არქიტექტორი და დიზაინერი ერთობლივი განცხადებით გამოდის "აგენტების კანონის" წინააღმდეგ.
ამასთან, მოითხოვენ, შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
"ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციის, ძალადობრივი გარემოსა და იმ უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, რასაც რუსული კანონის მისაღებად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად ვერთიანდებით!
მიგვაჩნია, რომ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ცვლის მის კურსს ევროპული ორბიტიდან და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარებას.
ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, საკუთარი მოქალაქეების დაშინებითა და დასავლელი პარტნიორების სრული იგნორირებით მიიღოს ეს კანონი.
მოვითხოვთ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უკან იქნას გაწვეული რუსული კანონი!
არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერების სია იხილეთ აქ.