ფინეთის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი: "გაწევრიანების გადაწყვეტილებას არა საქართველოს მთავრობა, არამედ წევრი ქვეყნები იღებენ და ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება"
14/05/2024 14:03:30 პოლიტიკა
ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი სებასტიან ტინკინენი აცხადებს, რომ "ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას არა საქართველოს მთავრობა, არამედ წევრი ქვეყნები იღებენ და ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება". ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, ბევრი ტყუილი იყო “ქართული ოცნების” მხრიდან. ერთ-ერთი ის არის, რომ ამბობენ, საქართველო ნამდვილად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წელსო, მაგრამ ამ კანონპროექტის მიღებით, რომელიც დღეს ვნახეთ, სამწუხაროდ, შესაძლებელი არ იქნება, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით წავიდეს. მინდა, ყველას შევახსენო, რომ სინამდვილეში საქართველოს მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებას 2030 წელს საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი, არამედ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ და წევრ სახელმწიფოებს ჩვენ წარმოვადგენთ და ჩვენ ახლავე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება, თუ ეს არის გზა, რომელიც [საქართველოს] მთავრობამ აირჩია. ასე რომ, ჩვენი ძლიერი მესიჯი არის ის, რომ იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ამ სულით ავადმყოფ კანონმდებლობას შეაჩერებს. ასევე არსებობს სხვა პრობლემური კანონმდებლობები, მაგალითად LGBT კანონმდებლობა, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს,” - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ტინკინენმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა კანონში ცვლილებები, თუმცა ის ვერ შეცვლის კანონის აზრს.
“დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს [ნიკოლოზ სამხარაძეს] შევხვდით. მოვისმინეთ ის რას ამბობდა, ის რეალურად მთელი პარტიის აზრს წარმოადგენდა. ვიცით იმ პატარა ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. არსებითად, რასაც გვეუბნებიან, ცვლილებები შეეხება “უცხოური აგენტისთვის” სხვა სახელის დარქმევას. ეს ძალიან პატარა ცვლილებებია, ისინი მთლიან ვითარებასა და ამ კანონის მთლიან აზრს ვერ შეცვლიან. ასე რომ, რეკომენდაციაა არა რამე ცვლილებებს მიმართოთ, არამედ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და გამოიყენებს ვეტოს, და შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გასულ წელს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ როგორღაც მათ ხელახლა გამოიტანეს ის. და მეორე ჯერ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ხელახლა არ გამოიტანენ მას პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ”, - განაცხადა ტინკინენმა.


