"ლელო" ბოიკოტის რეჟიმში გადადის
14/05/2024 12:39:38 პოლიტიკა
"აგნეტების კანონის" მიღების შემდეგ "ლელო" ბოიკოტის რეჟიმში გადადის. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
"დღეს "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გააფორმა ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვამბობთ. "ქართული ოცნება" ესაა რუსული ძალა, რომლის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების სამსახურში ყოფნა. ჩვენს ქვეყანას ბევრი ისტორიული დღე ახსოვს და ახსოვს ბევრი დიდი გამარჯვების დასაწყისი. როგორც წესი, ყველა გამარჯვებას წინ ახლავს მოღალატეებისა და ქვეყნის გამყიდველების თვითლუსტრაცია და დღეს სწორედ ეს მოხდა. "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან რუსეთს. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დაცვა ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთანაა ქართველი ხალხი, ქართული ოპოზიცია, რომელიც რუსული ხელისუფლების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლია. დღეს ჩვენ ვიხილეთ ღია თავდასხმები პარლამენტში. "ქართული ოცნება" ძალადობს ყველგან, აქციებზე, ქუჩებში, სახლებში, კონსტიტუციურ ორგანოებში და ესაა მარცხისათვის განწირული რეჟიმის უკანასკნელი მცდელობები. ლელო დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს - მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია. როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია "ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწლეობა პარლამენტის მუშაობაში. "ქართული ოცნება" პარლამენტში დამარცხებულია, იგი გასულია პოლიტიკური პროცესიდან, არღვევს კონსტიტუციას და წარმოადდგენს უზურპატორ ივანიშვილს და პუტინს. მისი ერთადერთი ინსტრუმენტი ძალადობაა.
"ლელო" გადადის ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენი გზა არის და იყო ქართველი ხალხის გვერდით დგომა. ჩვენ სწორედ ამ ერთობის ნაწილი ვართ. ამ ერთობის ინტერესებს ვიცავდით პარლამენტში მანამ სანამ ეს ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდებოდა და შესაძლებელი იყო. დღევანდელი ძალადობისა და ღალატის აქტის - რუსული კანონის მიღების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ რომ პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომელითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, რადგან წარსულს მომავალთან არასოდეს გაუმარჯვია. საქართველოს მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია!", – აცხადებენ პარტიაში.
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კენჭისყრა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
"არა რუსულ კანონს" – სკანდირებდნენ დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“ მიმდინარეობს.
პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს 10 დღის ვადაში პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნის კანონპროექტს. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, ან ვეტო დაადოს მას. კონსტიტუციით დადგენილი არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი დღეს მაიც მიიღო.


