Accentnews.ge
„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“: დღეს მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“: დღეს მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი

14/05/2024 12:25:58 საზოგადოება

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა” „აგენტების კანონის" საბოლოო მოსმენით მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მე-3 მოსმენით მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები, ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების გამო. კანონი, რომლის მთავარი მიზანი და შედეგი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციაა, შეურაცხყოფს ჩვენს ღირსებას, ძირს უთხრის საქართველოს სასიცოცხლო თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და საფრთხეს უქმნის მიღწეულ პროგრესს ყველა სექტორში. ამასთან, სრულიად მიუღებელია ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც თან სდევს კანონის განხილვის პროცესს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს, შეერთებულ შტატებსა და სხვა მოკავშირეებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე.

საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის და ევროინტეგრაციის გზაზე არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანას დემოკრატიის და ევროპული მომავლისთვის საგრძნობი შედეგები მოუტანა, მაგრამ დღეს დადგა დღე, როდესაც გვიწევს ვთქვათ, რომ საქართველოს დემოკრატია უმძიმესი გამოცდის წინაშე დგას. დღე, როცა საფრთხის ქვეშ დადგა ყველა ის მიღწევა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე თაობებმა მოიპოვეს, დაიცვეს და გააძლიერეს! ამ კანონმა დღევანდელ დღემდე სანამ ის კანონად იქცეოდა ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მიზნები, რომელსაც ის ემსახურება: ძალადობა, სტიგმატიზაცია, განსხვავებული აზრის დევნა, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ევროინტეგრაციის პროცესის ჩიხში შეყვანა. ხელისუფლებამ არ შეისმინა საკუთარი საზოგადოების მოთხოვნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და ქვეყნის მეგობრების რჩევა გაეწვია „რუსული კანონი“. დღეს მე-3 მოსმენით მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, - ნათქვამია განცხადებაში.

84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.

კენჭისყრა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

"არა რუსულ კანონს" – სკანდირებდნენ დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“ მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S