
ბათუმში სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა და მსვლელობას მართავენ
14/05/2024 08:39:51 საზოგადოება
ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი სკანდირებენ, „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“.
მანამდე ბათუმში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს ნაწილმა გაფიცვის შესახებ განაცხადა . გაფიცულთა შორის N1, N2, N3, N4 საჯარო და კერძო სკოლა "ევრო-2000"-ის მოსწავლეები არიან.
"დღეს ჩვენ, ბათუმი მოსწავლეები შევიკრიბეთ აქ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის, არასრულწლოვანებთან განხორციელებული მუქარის ზარებისა და ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსის გასაპროტესტებლად. ამ პროტესტის გამოსახატად გადავწყვიტეთ არ დავესწროთ და გავაცდინოთ სასწავლო პროცესი. სტერეოტიპები, რომლებიც არასრულწლოვანებზე დადის ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქოს არ უნდა ვერეოდეთ და უფროსი ბიძიები მიხედავენ პოლიტიკურ საქმეებს, მცდარია. ასე ფიქრის უფლებას 9 აპრილის გმირთა წლოვანება გვაძლევს. ვიცით და ვაანალიზებთ, თუ რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს ამ ყოველივემ ჩვენს ქვეყანას და ამიტომ, ჩვენ ამ სტერეოტიპს ვანგრევთ. ბათუმის მოსწავლეები უარს ვეუბნებით ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელ რუსულ კანონპროექტს, რომელიც არ მოგვცემს სამომავლოდ ძლიერი განათლების მიღების საშუალებას. სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად ვიტყვით, გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანის უფლებაა, მათ შორის, ჩვენიც. ამ უფლებაში ჩარევის საშუალებას არავის მივცემთ. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, დღეს დუმილი დანაშაულია, უნდა ვიმოქმედოთ. საქართველოს გაუმარჯოს!" - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ერთ–ერთმა მოსწავლემ წაიკითხა.