
"სოლიდარობას ვუცხადებთ დემონსტრანტებს" – თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები
14/05/2024 07:42:49 საზოგადოება
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, სოლიდარობა გამოუცხადეს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს.
"შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ.
სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამართალდამცველების მიერ ქალების, ახალგაზრდების და მოხუცების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოვითხოვთ უსამართლოდ, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების ციხიდან განთავისუფლებას. ჩვენი შეკრება დაორგანიზებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ, სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე.
არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს!" - ნათქვამია სტუდენტების მიმართვაში.