
თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკური ფაკუტეტის სტუდენტები ოხანაშვილსა და მიქანაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევენ
14/05/2024 07:00:40 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის 6-ვე მიმართულების სტუდენტები გაიფიცნენ.
გავრცელებულ მიმართვაში ისინი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეს რუსულ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში იწვევენ.
სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას მოუწოდებენ, უზრუნველყოს და დააორგანიზოს ეს შეხვედრა.
"გვინდა შეგახსენოთ, რომ გვაქვს საკმარისი ზრდილობა და კულტურა, რათა წარვმართოთ აღნიშნული საჯარო დისკუსია ჯანსაღ, კონსტრუქციულ და გამჭვირვალე გარემოში", - ამბობენ სტუდენტები.
მათ ასევე მიმართეს აკადემიურ საბჭოს, "აგენტების კანონთან" დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატონ:
"გვსურს, შევახსენოთ თსუ-ს, რომ მისი ბიუჯეტის 75% ივსება სტუდენტების მიერ, შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა სტუდენტების მიმართა და მოვითხოვთ აკადემიური საბჭოსგან, დააფიქსიროს მკაფიო განცხადება, პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით".
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი "აგენტების კანონის" მესამე მოსმენით მიღებას გეგმავს. პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის არსებული ცნოებბით, 30–ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებან გაფიცვას.