Accentnews.ge
აქციის მონაწილის მიმართვა: "მინდა, გთხოვოთ, ყველა უნივერსიტეტიდან დილის 10 საათზე მსვლელობით დავიძრათ და გავნაწილდეთ პარლამენტის გარშემო"

აქციის მონაწილის მიმართვა: "მინდა, გთხოვოთ, ყველა უნივერსიტეტიდან დილის 10 საათზე მსვლელობით დავიძრათ და გავნაწილდეთ პარლამენტის გარშემო"

13/05/2024 18:32:17 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სტუდენტებს აქციის მონაწილემ მოუწოდა, რომ ხვალ ყველა უნივერსიტეტიდან დილის 10 საათზე მსვლელობით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის გარშემო გადანაწილდნენ.

"მეგობრებო მინდა, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, დაკავებულებს გავაგონოთ ჩვენი ხმა. კიდევ ერთხელ უფრო ხმამაღლა... მადლობა. მინდა, მოგიწოდოთ ყველას და განსაკუთრებით სტუდენტებს, ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელს ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ასე, რომ მინდა, გთხოვოთ, მოგიწოდოთ ყველა უნივერსიტეტიდან მსვლელობით დავიძრათ დილის 10 საათზე პარლამენტთან, აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტიდან და გავნაწილდეთ პარლამენტის გარშემო. მე მგონი, ამ ხელისუფლებისთვის სათქმელი მხოლოდ ერთადერთი რამე დაგვრჩა - ზღაპრის ბოლო კეთილია," - ამბობს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S