Accentnews.ge
პრემიერი: "ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი"

პრემიერი: "ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი"

13/05/2024 16:20:36 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "აგენტების კანონს" მიიღებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

მისი მტკიცებით, "ამ კანონის მიღება გარედან თავსმოხვეულ ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს".

"ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, უნდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება უდიდესი უპასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე. ამასთან, დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს, თუ ამა გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში თუ თავს დავუხრით საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან დაცვის შესახებ კანონის არმიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას", – განაცხადა მან.

როგორც იგი ირწმუნება, "ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი ამ კანონს".

რაც შეეხება კანონპროექტში ცვლილებების შესაძლო შეტანას, პრემიერმა აღნიშნა, რომ "მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი". თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ქართული ოცნება" ღიაა დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში".

პრემიერმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "თუ პრეზიდენტი ვეტოს კანონპროექტის ინსტუმენტს არ გამოიყენებს და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა":

"ცვლილებები ჩვენი მხრიდან ვერ დაიგეგმება, რადგან ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, თუმცა, ჩვენ ვთქვით, რომ ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე. ის თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ ან „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის".

მანვე მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ "ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან", ასევე, მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს "ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი ხარისხით" მოქმედებისთვის.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

პარლამენტთან აქცია ამ დრომდე გრძელდება.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S