Accentnews.ge
ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებული დემონსტრანტები ნაცემები არიან

ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებული დემონსტრანტები ნაცემები არიან

13/05/2024 12:00:39 საზოგადოება

13 მაისს პარლამენტთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე დაკავებულთა ნაწილი ადვოკატებმა მოინახულეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

თუმცა, ადვოკატების თქმით, ნაწილი ჯერ კიდევ არ ჰყავთ შესახლებული იზოლატორში და მათთან შეხვედრა ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

"სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა დაკავებულის შესახლება, დაკავებულები ჰყავთ ისევ მანქანაში გაჩერებული რომ ვნახოთ ყველა და გავიგოთ მათი მდგომარეობა",– თქვა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.

ადვოკატები მიუთითებენ პოზიციელთა მხრიდან ძალადობაზე.

"შევხვდი უკვე ორ დაკავებულს და ორივეს აქვს დაზიანებები. ერთი დაკავებული გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებით – მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება. დაკავებულებს აღენიშნებათ დაზიანებები, აქვთ ტკივილები სხეულის სხვადასხვა არეში", - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

დაკავებული გიორგი მენთეშაშვილის ადვოკატი მარიამ პატარიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩის კვეთაზე "შეითრიეს" ნიღბიანმა სამართალდამცავებმა და მუშტებს თავის არეში უტყამდნენ, "გატეხილი აქვს თავი, სისხლის კვალიც აღენიშნება სხეულზე".

ადვოკატმა მოინახულა დაკავებული გურამ ადამია:

"გურამ ადამიას გაუსწორდნენ სასტიკად – მას რამდენიმე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად როდესაც ის იყო წაქცეული, ვერც კი იხედებოდა, იმდენი ადამიანი ურტყამდა ფეხებს – ზოგი სახის, ზოგი ტანის არეში. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ის იზოლატორში მოიყვანეს, აღენიშნებოდა ეს დაზიანებები, მაგრამ იზოლატორმა მიიღო და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. როდესაც აქტიურად ჩავერიეთ ადვოკატები, როდესაც მოვთხოვეთ სამედიცინო პერსონალს, მაშინაც არ უნდოდათ გადაყვანა, აქტიური მოთხოვნის შემდეგ, როდესაც მივუთითეთ სხვადასხვა კანონზე, გამოიძახეს სასწრაფო და ამ ეტაპისთვის მოხდება ადამიას საავადმყოფოში გადაყვანა", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

დაკავებულებს ასევე მოინახულებენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგემლები.

შსს აცხადებს, რომ 13 მაისს 20 ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S