როთი: ვერ ვხედავ მოლაპარაკებების დაწყების შანსს წევრობაზე ამ კანონით
13/05/2024 10:09:20 პოლიტიკა
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებს, შეაჩეროს „აგენტების კანონი“.
როთი ამბობს, რომ ვერ ხედავს შანსს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას „აგენტების კანონის“ პირობებში.
ის მიესალმა დემონსტრანტებს და ხაზი გაუსვა, რომ დღეს თბილისა ევროპის ნამდვილი დედაქალაქი.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის წევრი მკაფიო გზავნილის გასაგზავნად. ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში. ამიტომ, ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. მაგრამ ძვირფასო მთავრობავ, ძვირფასო მმართველო პარტავ, შეაჩერეთ ეს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. მე ვერ ვხედავ პირობებს საქართველოს ნათელი მომავლისთვის, თუ მთავრობა არ იტყვის უარს ამ კანონის მიღებაზე. მე მივესალმები ხალხს, რომელიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებს. ამ გამოწვევებით სავსე დროს თბილისი ნამდვილად არის ევროპის დედაქალაქი და მე იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა შანსი, ვესაუბროთ პარლამენტის, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.
ვერ ვხედავ მოლაპარაკებების დაწყების შანსს წევრობაზე ამ კანონით. ევროკავშირის გზავნილი მკაფიოა", - ამბობს როთი.
თბილისში იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი, დეპუტატები ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტებიდან. ისინი ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდნენ.


