
პარლამენტის ეზოში სახანძროს მანქანა ისე ჩააყენეს, რომ ჟურნალისტებმა დეპუტატების გადაღება ვერ მოახერხონ
13/05/2024 04:16:43 საზოგადოება
პარლამენტის ეზოში სახანძროს მანქანა ისე ჩააყენეს, რომ ჟურნალისტებმა დეპუტატების გადაღება ვერ მოახერხონ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში შესვლა დაიწყეს.
მათ პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა დემონსტრანტების შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ.
დემონსტრანტები სკანდირებენ: "მონებო!", "რუსებო!".
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 6 საათისთვის დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს აიძულა, დაეტოვებინათ ჩიტაძის ქუჩა. პარლამენტის უკანა შესასვლელი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი არის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“.