
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპრებაა
13/05/2024 02:16:23 საზოგადოება
პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპრებაა. მიუხედავად, ამისა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი დემონსტრანტები არ იშლებიან. პოლიციამ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად აიძულა, დაეტოვებინა ჩიტაძის ქუჩა.
სამართალდამცველებმა ამ დროისთვის სრულად გაათავისუფლეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელი მომიტინგეებისგან.
ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან შემაღლებული ადგილები დაატოვებინეს. მათივე თქმით, პერიოდულად ახშობენ სიგნალს.
ამასთან, ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, პოლიციამ გაიტაცა ტელეარხის დრონი, რომელიც ადგილზე მიმდინარე მოვლენებს იღებდა.
როგორც "ფორმულას" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს და მისი თქმით, აღნიშნულის გადაღების საშუალება მედიას არ მისცეს.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისს, 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი არის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“.