
ჯიპას სტუდენტური მოძრაობა: "ვუერთდებით პროტესტს რუსთაველის გამზირზე და ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს "რუსული კანონის" გაწვევამდე"
12/05/2024 12:42:58 საზოგადოება
ჯიპას სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ "ისინი უერთდებიან პროტესტს რუსთაველის გამზირზე და აკადემიურ პროცესს წყვეტენ "რუსული კანონის" გაწვევამდე".
"ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული და ოფშორული კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დაკავება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება გვაიძულებს შევუერთდეთ საერთო სტუდენტურ ინიციატივას და მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას - უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე.
ხელისუფლება, რომელიც ღალატობს ქართველი ერის ურყევ ნებას და სცდება კონსტიტუციას, გვაიძულებს სტუდენტებს გამოვაცხადოთ გაფიცვა. ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია მიმდინარე პროცესების ფონზე, მშვიდად ვისხდეთ აუდიტორიებში და თეორიულად შევიმეცნოთ ის ღირებულებები, რომლებსაც პრაქტიკაში მმართველი ძალა უგულებელყოფს.
მივმართავთ ჯიპას აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს - ახლა, როცა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს დემოკრატიასა და ევროინტეგრაციის პროცესს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენგან პასუხს ელის, როცა ხელისუფლება რეპრესიებით გვემუქრება, აღარ არის აუდიტორიაში ყოფნის დრო, გთხოვთ შემოგვიერთდეთ. სტუდენტები აღარ ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის ბრუტალური ფორმით მრავალჯერ დარბევის შემდეგ უნივერსიტეტში მისვლას. ვუერთდებით საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე. გავიმარჯვებთ სახელოვნად", – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: გუშინ ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.
13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.