Accentnews.ge
ილიაუნის სტუდენტები: "ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას"

ილიაუნის სტუდენტები: "ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას"

12/05/2024 12:36:34 საზოგადოება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებული სტუდენტები აცხადებენ, რომ ხვალიდან ისინი გაფიცვას დაიწყებენ და "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციებს შეუერთდებიან.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გაგაცნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება. დღეს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რუსული კანონები და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს. ხელისუფლების, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი ზონდერ ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, დაშინება რუსული ხელწერაა და ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს. იმ საქართველოში, სადაც გაძლიერებულია რუსეთის გავლენა, ფასს კარგავს ყველაფერი. მათ შორის, განათლებაც. ახლა გაჩუმება ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში მონაწილეობას გულისხმობს. შესაბამისად, ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას. არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში", – აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტებმა აკადემიურ პერსონალს და სხვა სტუდენტებსაც მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს:

"მადლობას ვუცხადებთ ლექტორებს, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, სხვებს კი მოვუწოდებთ შემოუერთდეს განცხადებას და დაიწყონ გაფიცვა. მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შემოგვიერთდით. მივმართავთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ღალატი და დაუბრუნდით კონსტიტუციურ ფარგლებს. ჩვენი სათქმელი მარტივია. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვიქნებით ქვეყნის სამსახურში და ვერ შეგვაშინებს ვერაფერი. ილიას გზით ევროპისკენ. არა რუსულ რეჟიმს!".

ცნობისთვის: გუშინ ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.

13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S