
ფსიქოლოგები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, გაიწვიოს "აგენტების კანონი"
12/05/2024 09:44:10 საზოგადოება
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები პარლამენტსა და მთავრობას განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ უკან გაიწვიონ "აგენტების კანონი".
განცხადებას ამ დროისთვის 400–ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, სია განახლებადია.
განცხადების ტექტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები მოგმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას უკან გაიწვიოთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელიც ახდენს ადამიანების და ორგანიზაციების სეგრეგირებას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლობის“ ნიშნით.
ფრაზეოლოგია – ‘უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი’ – გულისხმობს კონტექსტს, სემანტიკურ ველს, რომ ეს/ის [ვინმე, ორგანიზაცია თუ ამ ორგანიზაციაში დასაქმებული ინდივიდი] არის უცხო, საზიანო, საეჭვო, არასანდო, მიუღებელი და ა.შ., და ამ განსაზღვრებით ქმნის წინაპირობას საზოგადოების ფრაგმენტაციის, უნდობლობის ზრდისა და კონკრეტული ჯგუფების სტიგმატიზაციისა და რეპრესიისათვის.
ჩვენ, ფსიქოლოგები, მივყვებით რა ჩვენი პროფესიის ეთიკურ სტანდარტებს, პატივს ვცემთ ყველა ადამიანს და ვაღიარებთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ჩვენი პროფესიული საქმიანობის – სწავლების, კვლევისა და სერვისის – განხორციელების ძირითად პრინციპად. ამ დეკლარაციის მუხლი 22 მიუთითებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი ღირსება და პიროვნული თავისუფალი განვითარება მოახდინოს საერთაშორისო თანამშრომლობითაც.
საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების დაცვას. მათ შორის სოციალურ სოლიდარობას, ადამიანის ღირსებას, სამართლის წინაშე ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას რაიმე ნიშნის ან სხვა შეხედულებების მიხედვით, პიროვნების თავისუფალ განვითარებას, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებების გავრცელებას ასევე იურიდიულ პირებზე.
აქ ჩამოთვლილია თქვენ მიერ შემოთავაზებული კანონის ის მუხლები, რომელიც იწვევს გაუგებრობას, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის ზემოთ მითითებულ მუხლებთან და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციასა და გარკვეული ჯგუფების სტიგმატიზაციას. ესენია:
მუხლი 2. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ ერთადერთ კრიტერიუმად მიიჩნევს წლიური შემოსავლის 20% მეტს უცხოეთიდან. ფულადი შემოსავალის რაოდენობა ვერ პასუხობს ისეთ შინაარსობრივ კითხვებს, როგორიცაა რა არის „ძალა“ და „ინტერესი“ და ამ ლოგიკით საქველმოქმედო და ფილანტროპიულ საქმიანობას გარედან იძულებად მიიჩნევთ და ცვლით ტერმინების შინაარსს.
მუხლი 3. „უცხოური ძალა“ არის ნებისმიერი სტრუქტურა და/ან კერძო პირი, რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში ან არის უცხოეთის მოქალაქე. ამ ლოგიკით თქვენ მიერ სამიზნედ არჩეული ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის განვითარების სააგენტოს, გერმანიის ტექნიკური დახმარების თუ სხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ემსახურებიან უცხოური ძალის ინტერესებს, რაც არაადეკვატური ტერმინია ისეთი საქმიანობისათვის, როგორიცაა კვლევა, თავისუფალი მედია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეინსტიტუციონალიზაცია და მათთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების შექმნა, სოციალური დახმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით უფასო უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა, განათლება და ა.შ.
მუხლი 8. მონიტორინგი. 2. მონიტორინგის დაწყების საფუძველი.
ბ.საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.
აღნიშნული პუნქტი, სულ მცირე, გაუგებარია საჯაროობისა და გამჭვირვალეობის კონტექსტში, რადგან არ არის მითითებული, რა შემთხვევაში იწყება მონიტორინგი წერილობითი განცხადების საფუძველზე. გაურკვეველია, მონიტორინგი იწყება მაშინ, როდესაც წერილი ხელმოწერილია თუ არა; ეს წერილი ხდება საჯარო და წარედგინება იმ ორგანიზაციას, სადაც იწყება მოკვლევა თუ არა. ეს ჩანაწერი პირდაპირ ახალისებს ცილისწამებასა და გარკვეული ჯგუფების მიმართ მტრული დამოკიდებულების უკონტროლო გამოხატვას.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს და გამჭვირვალობას, არ უნდა არღვევდეს ადამიანისა და ორგანიზაციების ძირითად უფლებებს, განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებას, არ უნდა იყოს სეგრეგაციისა და სტიგმატიზაციის საფუძველი, არ უნდა ქმნიდეს უკონტროლო სივრცეს ადამიანებისთვის უარყოფითი და ცრუ იარლიყების მიწებებისათვის".
13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.
გუშინ ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
ცნობისთვის: ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.