Accentnews.ge
ამერიკელი კონგრესმენები – პრემიერს: თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას

ამერიკელი კონგრესმენები – პრემიერს: თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას

11/05/2024 06:38:04 პოლიტიკა

29 ამერიკელი კონგრესმენი, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ თომას მაკკოლი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძე წერილს უგზავნის და მოუწოდებს "აგენტების" შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიოს.

კონგრესმენების თქმით, თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას, მათ შორის "ფინანსური დახმარების გადახედვას, სავიზო აკრძალვის გაფართოებას და მათ მიმართ ფინანსური სანქციების დაწესებას, ვინც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ძირი გამოუთხარა“.

"აქცენტი" კონგრესმენების წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ:

“ჩვენ გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა განსახილველად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ის სამართლიანად უკან გაიწვია. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ გაცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის და აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს – თქვენს ქვეყანაში რუსეთის ჯარის შემოჭრიდან რამდენიმე თვეში გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას. ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი და კვლავ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია აღნიშნული.

კანონპროექტის მკაფიო საბაბი არის კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ქართველ ხალხთან ერთად ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ამ კანონპროექტის მიღება ძირს გამოუთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც თავის მომავალს დასავლეთში ეძებს.

ჩვენ უარვყოფთ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა. ნაცვლად ამისა, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ თქვენ მიერ შეთავაზებული კანონის მსგავსებაზე რუსეთში 2012 წელს მიღებულ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონთან, რომელსაც ასევე "გამჭვირვალობის“ მიზეზით ამართლებდნენ. მოგეხსენებათ, რომ ეს კანონი პუტინმა და მისმა ავაზაკებმა გამოიყენეს მისი მმართველობის წინააღმდეგობის გასაქრობად, ამან კი რუსეთის საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში გადასვლა საბოლოოდ დაასრულა. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და აქვს სურვილი უფრო დემოკრატიული მომავლის. ამ კანონის მიღება მხოლოდ ხელს შეუწყობს რუსეთის დამღუპველი გავლენის გაფართოებას საქართველოში.

კანონპროექტთან დაკავშირებით რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია. 29 აპრილს "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ იგი "დასჯის" ოპოზიციას იმ სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის ჩადენილი. ბატონმა ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მანძილზე, მათ შორის 16 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც 2008 წელს რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა თქვენს ქვეყანაში და მოახდინა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.

ჩვენი შეშფოთება მხოლოდ მზარდია კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ თქვენი მთავრობის რეაქციის გამო, ჩვენ ვიცით აქციების მონაწილეთა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების პოლიციის მიერ ქუჩიდან გატაცების და ცემის შესახებ. გასულ კვირაში ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომლიც ასევე დეპუტატია თქვენს პარლამენტში, სამთავრობო სპეციალურმა ძალებმა სცემეს თბილისის ქუჩაში.

საინტერესოა, რომ რუსეთის მთავარმა პროპაგანდისტმა და ფაშისტმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ "საქართველო სწორ გზას ადგას“ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა. ის ფაქტი, რომ თქვენ ქმედებებს თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორები გმობენ და აქებენ, ისინი, ვინც თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია მოახდინა, ნათელი დადასტურება უნდა იყოს თქვენთვის, რომ საქართველო არასწორი გზით მიგყავთ.

საქართველოში არსებული ვითარება ნათელია. მთავრობას შეუძლია, გააკეთოს შემდეგი არჩევანი: ან შეისმინოს ქართველი ხალხის, ან გააგრძელოს ბნელი გზით სვლა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა აიძულებს აშშ-ს, ძირეულად გადახედოს ჩვენი ურთიერთობის ხასიათს ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული გზა ბელარუსში და მიიღო ორპარტიული "ბელარუსის დემოკრატიის აქტი 2004", ჩვენ მტკიცე ვართ გადაწყვეტილებაში, ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რასაც საქართველო იმსახურებს. მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებებს ლახავს, რის შემდეგაც, მოხარული ვიქნებით მოვაწყოთ პირდაპირი მოლაპარაკება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეს მავნე კანონი არ იქნება გაწვეული, შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში და მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას, მათ შორის აშშ–ის ფინანსური დახმარების გადახედვას, სავიზო აკრძალვის გაფართოებას და მათ მიმართ ფინანსური სანქციების დაწესებას, ვინც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ძირი გამოუთხარა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S