პრემიერი: შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის ფარგლებში შეჯერდეს პოზიციები
10/05/2024 19:16:47 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტნიორებს შეუძლიათ "აგენტების კანონთან" დაკავშირებული შენიშვნები პრეზიდენტის ვეტოში ასახონ.
თოქ–შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს "ტვ იმედის" წამყვანის კითხვის პასუხად ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვეტოს პროცედურების გამოყენება შესაძლებელია "პოზიციების შესაჯერებლად".
"ბოლო შეხვედრების დროს მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მზაობა არის დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე ვეტოს კანონპროექტებს, ან ენჯეოები უწერენ ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები აფრთხილებენ "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. ამ პრობლემებს შორის არის ევროინტეგრაციის პროცესში უკუსვლა, მათ შორის კანდიდატის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევა და ასევე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება.


