
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს კონსტიტუციას ახსენებენ და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ
10/05/2024 17:58:08 საზოგადოება
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს კანონპროექტი "უცხოეთის აგენტების" შესახებ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში.
"ჩვენ, საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კვლავ შეტანის, ძალადობის უეცარი ზრდისა და სხვა შეზღუდვების გამო საქართველოში ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ საპროტესტო აქციებს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ" - წერენ უფლებადამცველები.
უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით, ხელისუფლებას აძლევს დამოუკიდებელი აზრის დისკრედიტაციის, მასზე ზეწოლის და საბოლოო ჯამში, ჩახშობის მძლავრ ინსტრუმენტს და ამით საფრთხეს უქმნის პრესის და სიტყვის თავისუფლებას.
მათი ქმით, ეს კანონი არა მხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიეკუთვნებოდნენ იმ ჯგუფების რიცხვს, რომლებიც ატარებენ „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს", არამედ ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს უფლებას, „აწარმოოს გულმოდგინე გამოძიება“ ამ ორგანიზაციების მიმართ მხოლოდ „უცხოეთის სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. შედეგად იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება, გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, რაც მას მისცემს საშუალებას, ჩაერიოს მედიასაშუალების თუ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში, ხელი შეუშალოს მუშაობაში და სადამკვირვებლო როლის შესრულებაში.
"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაწვეულ იქნეს კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალების სიცოცხლისუნარიანობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მედიის სულ ცოტა, 20 თანამშრომელს ფიზიკურად დაესხნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან დააკავეს დემონსტრაციების გაშუქების დროს".
უფლებადამცველებ აღნიშნავენ, რომ “ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს”. „ამას გარდა,“ თვლიან უფლებადამცავი ორგანიზაციები, “ჟურნალისტები ვერ ახერხებენ თავიანთი სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებას თბილისის ქუჩებში პოლიციის ძალადობისა და დაშინების გამო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს".
წერილის ავტორები პრემიერს ახსენებენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პრესის თავისუფლება. კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია ცენზურის დაუშვებლობა, მედიის თავისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პლურალიზმი. წერილში ასევე ნახესენებია სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების კანონის მესამე მუხლი, რომელიც ჟურნალისტებს გარანტიას აძლევს, რომ დაცული იქნეს ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა და სარედაქციო გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სინდისის შესაბამისად.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად წერილს ხელს აწერს 18 ორგანიზაცია, მათ შორის, ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია (AJE France), ცენზურის ინდექსი, პრესის და მედიის თავისუფლების ევროპის ცენტრი (ECPMF), ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია, (EFJ).