Accentnews.ge
ახალგაზრდებზე ძალადობა, არჩევნები – რაზე ისაუბრა ბიზნესმა პრემიერთან შეხვედრაზე

ახალგაზრდებზე ძალადობა, არჩევნები – რაზე ისაუბრა ბიზნესმა პრემიერთან შეხვედრაზე

10/05/2024 16:35:09 ეკონომიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ „იყო სერიოზული საუბარი“, თუმცა მას არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ „აგენტების კანონთან“ მიმართებით, რომელიც საზოგადოებაში მღელვარებას იწვევს, უკან დაიხევს ხელისუფლება.

ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრემიერი აპირებს დასავლელ პარტნიორებთან საუბარს, რომ „საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა“.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ახალგაზრდებზე ძალადობას, არჩევნებს.

„ირაკლი კობახიძემ აგვიხსნა, თუ რას შეეხება კანონი. ჩემი პოზიცია არის ის, რაც თქვენი, ყველასი. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კანონს გაიწვევენ. პრობლემა კანონის შინაარსი იმდენად არ არის, რამდენადაც მისი სახელი – ის, რომ რუსული დაერქვა.

სერიოზული საუბარი გვქონდა. ისეთი სერიოზული თემები წამოიჭრა, როგორიც ახალგაზრდების მიმართ ძალადობაა აქციებზე. პრემიერს უთხრეს ისიც, რომ სამართალდამცველები გააფრთხილონ, რათა ასეთი რაღაც აღარ მოხდეს. ასევე ვისაუბრეთ არჩევნების თემაზე – როგორ იქნება ის გამჭვირვალე, სწორი…

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, ის რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, ეს არის პრობლემა. პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა“,– თქვა ჭყონიამ.

იქვე ჭყონიამ თქვა, რომ თავის მხრივ ბიზნესს „სერიოზული მოთხოვნები“ არ დაუყენებია.

"ბიზნესმენებზე არ ყოფილა ზეწოლა, რანაირად უნდა იყოს. ყველა ბიზნესმენმა ინდივიდუალური პოზიციით უნდა იზრუნოს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან სერიოზული მოთხოვნები არ გვქონია”, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურმაც გაავრცელა მოკლე ინფორმაცია.

როგორც რელიზში ვკითხულობთ, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S