
"ბრაზი უფრო მახრჩობს, ვიდრე შიში!“ – „აგენტების კანონს“ გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც აპროტესტებენ
10/05/2024 15:25:40 საზოგადოება
„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად მოქალაქეები გორში, ქუთაისსა და ბათუმში შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობის გასამართად ემზადებიან.
საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალია გორში აქციაზე საპროსტეტო ბანერით მივიდა, რომელსაც მავთულხლართები აქვს შემოხვეული.
„გუშინ საღამოს დავჭერი ეს მავთულხლართები... ცოტა კი შემეშინდა, რადგან ძალიან ახლოს იდგა რუსი, მაგრამ მოვასწარი...წამოვიღე ეს მავთულხლართები, რომ მეჩვენებინა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს! ეს არის ჩემი გზავნილი. ვესაუბრე პოლიციელებს, ვუთხარი, „ხვალ ხელისუფლება შეიძლება, გაიქცეს, სხვაგან მოეწყობიან კომფორტულად, ხოლო ჩემი და იმ პოლიციელების შვილები დარჩებიან საქართველოში , ერთად უნდა ვიცხოვროთ, პოლიციელმა ჩვენზე ხელი არ უნდა აღმართოს. მე ვუყურე საშინელებას, როგორ უსწორდებოდა პოლიცია ქალებს, მოზარდებს და ეს ჩემთვის მიუღებელია! ერთად უნდა დავდგეთ, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, უარი ვუთხრათ რუსეთს, უარი ვუთხრათ რუსულ ოკუპაციას. სასწრაფოდ გაიწვიონ რუსული კანონი. ეს დაშინების მცდელობა აგონიაში მყოფი ხელისუფლების ხელწერაა. მე ბრაზი უფრო მახრჩობს, ვიდრე შიში!“,– თქვა ლუდა სალიამ.
ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის ფაქტები ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.