ბრიტანეთის საელჩო მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომთა უკანონო დაშინება და გამოიძიოს უფლებადარღვევები
10/05/2024 12:58:31 პოლიტიკა
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, "დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა".
საელჩო ხაზს უსვამს, რომ "მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში".
"გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად",– ვკითხულობთ განცხადებაში.
ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის ფაქტები ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.


