
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეუფარდეს
09/05/2024 20:29:38 სამართალი, საზოგადოება
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით, პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ანდრეი რაუტბერგის, გიორგი შანიძის, ვაჟა დურგლიშვილისა და ფრიდონ ბუბუტეიშვილის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს თაობაზე – დავით კურტანიძემ.
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დავით კოლდარმა "აღიარა დანაშაული".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების ექვსი მონაწილე 8-9 მაისს დააკავა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სულხან თამაზაშვილის თქმით, ყველა დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებში – პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების პარალელურად აწარმოებს გამოძიებას "საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" სისხლის სამართლის სამი მუხლით: 222-ე მუხლი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება);225-ე მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა);226-ე მუხლი ( ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.)
ამ დრომდე არავინ მიუციათ პასუხისგებაში პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე, რომელსაც იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და არსებობს დამადასტურებელი კადრებიც.