
ელჩი – შესაძლო შედეგებზე: არ მსურს, ხალხი დაისაჯოს, რადგან თითოეულ ადამიანს ნეგატიურად შეეხება
09/05/2024 14:44:56 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გაიმეორა დასავლელი ლიდერების პოზიცია "აგენტების კანონთან" მიმართებით, რომ არსებული სახით, სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.
"ჩვენ გულწრფელად მოველით, რომ მოიძებნება ამ კანონპროექტის გაწვევის ან მისი სერიოზულად შეცვლის საშუალება".
ელჩის განცხადებით, უახლოეს დროში მოელიან კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას და მოელის რომ მოიძებნება საპარლამენტო პროცედურები იმისთვის რომ ის არსებული სახით არ მიიღონ.
"ამიტომ ამ ეტაპზე, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კანონს არ მიიღებენ და ჩვენ არ მოგვიწევს ევროკავშირის მხრიდან შესაძლო უარყოფითი რეაქციების განხილვა”, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია კვლავ მწვავედ დგას:
"სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლარიზაცია საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა. ამას, სამწუხაროდ, ყოველ ღამე ვუყურებთ ჩვენს სატელევიზიო ეკრანებზე. არის ცნობები დაშინებების შესახებ, ზარები ხორციელდება სხვადასხვა ადგილებიდან სხვადასხვა ადამიანებთან მუქარებით. ვხედავთ ძალადობას, ვხედავთ ცემას, ეს უნდა შეწყდეს. ასეთი ქმედებების ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა, განსაკუთრებით კი ისეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს".
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად განიხილავენ ყველა შესაძლებლობას, რათა კანონი არ იქნეს მიღებული და ევროკავშირის 27 წვერი ქვეყნის ლიდერს არ მოუწიოს შედეგებზე რეაგირების გზების ძიება.
"ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან, პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად განვიხილავთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამ კანონის არ მისაღებად, რათა შედეგების განხილვა არ მოგვიწიოს. ამავდროულად, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრს სახელმწიფოსთან ერთან, მოუწევთ რეაგირება და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ. არ მსურს, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, ვინაიდან საბოლოო ჯამში, ჩვეულებრივ ხალხს, თითოეულ ადამიანს ნეგატიურად შეეხება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ ამ ნეგატიურ ეტაპზე არ გადავალთ", - აღნიშნა მან.