
პუტინმა 9 მაისის აღლუმი ჩაიბარა, სტუმრებს შორის ბჟანია და გაგლოევი არ იყვნენ
09/05/2024 09:12:24 მსოფლიო
დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობდა 9 ათასზე მეტი სამხედრო, 79 ერთეული ტექნიკა და ავიაცია.
აღლუმი რუსეთის არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა. მან „გამარჯვების დღეს" „ჭეშმარიტად სახალხო, წმინდა დღესასწაული“ უწოდა.
სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრნენ ბელარუსის, გვინეა-ბისაუს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, კუბის და ლაოსის პრეზიდენტები. დამსწრეთა შორის არ ყოფილან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტები ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი.
ისინი მოსკოვში გამართულ „გამარჯვების აღლუმს“ დაესწრნენ 2020 წელს, როცა რუსეთმა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 75-ე წლისთავი აღნიშნა. მას შემდეგ რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მართავდა ან უცხო სახელმწიფოების ლიდერების მიწვევის გარეშე, ან დსთ-ის ქვეყნების მეთაურების მონაწილეობით. 2023 წელს აღლუმს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც ესწრებოდა.