
საქართველოს მთავრობამ 112-ის მოსაკრებელი 40 თეთრამდე გაზარდა
30/12/2019 16:35:01 ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ 112-ის მოსაკრებელი 40 თეთრამდე გაზარდა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც ძალაში 2019 წლის 31 დეკემბერს შევა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული აბონენტები 112-ის საფასურის სახით, თვეში 40 თეთრს გადაიხდიან. ეს ფიზიკური პირების შემთხვევაში ორჯერ მეტია იმ მოსაკრებელზე (20 თეთრზე), რომელიც ამჟამად არის გათვალისწინებული. იურიდიული პირებისთვის კი ახალი ტარიფი, მათთვის დღეს მოქმედ 50 თეთრთან შედარებით, 10 თეთრით ნაკლებია.
ცნობისთვის: 2019 წლის 5 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ აბონენტებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს მეორე კოლეგიამ იურისტ ლევან ალაფიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა, „რათა სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, 112 დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისთვის“.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსაკრებლის სტრუქტურის და შემოღების წესის, მისი განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების დადგენა მხოლოდ კანონით დაიშვება, რაც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირებას. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავდა მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტებს და მოსაკრებლის განაკვეთს და ამდენად, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ–გვერდზე.