Accentnews.ge
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მთაწმინდაზე 2 ნაკადად იწყებენ მსვლელობას

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მთაწმინდაზე 2 ნაკადად იწყებენ მსვლელობას

01/05/2024 17:33:42 საზოგადოება

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში „არაძალადობრივ მოძრაობას" იწყებენ. ამის შესახებ აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეთა ერთი ნაკადი პირველი გიმნაზიიდან დაიწყებს მოძრაობას, ხოლო მეორე ნაკადი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან.

"დღეს ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ნებას. ასე რომ, ძალიან კონკრეტულად ახლა პირველი სკოლის მხარეს დაელოდეთ ჩვენ შეუპოვარ ქალებს ელენე ხოშტარიას და სოფო ჯაფარიძეს. დაინახავთ და გაჰყვებით მათ. უნდა ვიმოძრაოთ თბილისში, უნდა ვიმოძრაოთ მთაწმინდაზე. უნდა გამოვხატოთ აქ, ამ უბანში, ჩვენი თავისუფალი მანიფესტაციით ჩვენი ნება. დავდგები მოსწავლე-ახალგაზრდობის და სასახლის წინ, დაგელოდებით და დავიწყებთ ერთად არაძალადობრივ მოძრაობას თბილისს ქუჩებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიცავთ საქართველოს წარსულს, აწმყოს და მომავალს, ვიცავთ იმ სიკეთეებს, რომლებიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ! ვიცავთ კონსტიტუციას! ასე რომ, გელოდებით. ერთ ხაზად, მწყობრად, მოწესრიგებულად დავიძვრებით. ერთი ნაკადი მიდის პირველი გიმნაზიისკენ და იქიდან [იწყებს მოძრაობას]. მეორე ნაკადი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან. ესეც მნიშვნელოვანია. ეს არის ორი კერა, ჩვენი ახალგაზრდობის გამზრდელი ორი კერა. ვიკრიბებით, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი", - განაცხადა ამაღლობელმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

1 მაისს შსს–მ განაცხადა, რომ აქციაზე 63 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, "სხვადასხვა მძიმე დაზიანება" მიიღო შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.

1 მაისს პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S