
ზუგდიდში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 2 პირი გაათავისუფლეს
01/05/2024 15:59:16 საზოგადოება
ზუგდიდში, მერიის წინ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული 2 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ფრაქცია „ახალის“ წევრის მაია კალანდიას და „დროას“ აქტივისტის მარიამ სიჭინავას საქმის არსებითი განხილვა 13 მაისს გაიმართება.
მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე 1 მაისს გამთენიისას დააკავეს პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი].
დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ. ისინი აცხადებენ, რომ დაპირისპირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.
“მათთვის არ გამიწევია წინააღმდეგობა, ვუთხარი რომ მივყვებოდი და არ გამოეყენებინათ ძალა, თუმცა ხელებზე მაქვს დალურჯებები, სისხლჩაქცევები. პოლიციამ დაკავებისას ჩემს მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, მანქანაში, სამმართველოს მისვლამდე პოლიციის უფროსი ჩემს მიმართ გამოირჩეოდა აგრესიით, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს ასევე პოლოციის შენობაშიც გაგრძელდა. დაახლოებით 4 პოლიციელი თავზე მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. იყო სექსისტური განცხადებებიც - დარჩი, ლამაზი ქალბატონი ხარ და გიყურებთ, სხვა საქმე მაინც არ გვაქვსო…”, - თქვა მარიამ სიჭინავამ.
მისგან განსხვავებით, პოლიციის სამმართველოში სამართალდამცველების მხრიდან კანონდარღვევაზე არ უსაუბრია მაია კალანდიას. თუმცა თქვა, რომ უკანონოდ დააკავეს, რადგან სანამ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა თავად მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა რასაც სათანადოდ უპასუხა
“ეს ყველაფერი არის იმის ნაწილი რაც დღეს ხდება საქართველოში. არა რუსულ კანონს, არა ოლიგარქიას, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, - თქვა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მაია კალანდიამ.