
შოთა არველაძე: დაუშვებელია, მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს
01/05/2024 14:13:57 საზოგადოება
ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე პარლამენტში "აგენტების კანონის" განხილვას და მის საწინააღმდეგო უწყვეტ ხალხმრავალ პროტესტს ეხმიანება. შოთა არველაძე ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს უკან კანონპროექტი, მოუხადოს ბოდიში დაზარალებულებს და მისცეს ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა.
"არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს. ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა", - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
- დღეს პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაპირისპირების ფონზე განახლდა.
სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პაპუაშვილი ოპოზციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ.
პაპუშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები – თაკო ჩარკვიანს, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და გიორგი ბოტკოველი სხდომიდან გააძევა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.
17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.