
არასამთავრობოები: აქციის დარბევისას გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას
01/05/2024 09:12:32 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პარლამენტის წინ აქციის მონაწილების დარბევა და დაკავებები უკანონო იყო.
როგორც მათ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, 30 აპრილის ღამესა და 1 მაისს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე შსს-ს მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევა იყო "არალეგიტიმური და არაპროპორციული, რაც უტოლდებოდა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ადმინისტრაციული მუხლით დაკავების პრაქტიკა კი კვლავ თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა".
„აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით: არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
„საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებისას პოლიციის კორდონში მოქცევამდე მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას“.
არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ პარლამენტის წევრის, ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის აქციიდან გატაცებისა და ცემის ფაქტზეც.
არასამთავრობო, ორგანიზაციების სამართლებრივი მხარდაჭერის ქსელი, ცხელ ხაზზე იღებს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ. ამ დროისთვის მათ უკვე აქვთ ინფორმაცია 50-ზე მეტი დაკავებული პირის თაობაზე. მათი ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილი გადაყვანილია სხვადასხვა ქალაქების იზოლატორებში: გორში, ხაშურში, დუშეთსა და მცხეთაში. მათი წარმომადგენლები ღამის განმავლობაში დადიოდნენ იზოლატორებში და აგროვებდნენ ინდორმაციას დაკავებულების შესახებ. კვლავ გრძელდება მათი ადგილსამყოფელის დადგენა. რამდენადაც ცნობილია, ჯამში 63 მოქალაქეა დაკავებული.
ისინი მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", უარი თქვას "აგენტების კანონის" მიღებაზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – მოახდინოს დროული რეაგირება მომხდარ დანაშაულებზე, გააკეთოს ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება და პერიოდულად საზოგადოებას აცნობოს გამოძიების მიმდინარეობის შედეგები.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუსაბამო და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს – "არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“.