
"ბასიანი": ასეთ ბრძოლებში არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი - საყოველთაო გაფიცვა!
01/05/2024 08:20:28 საზოგადოება
კლუბი „ბასიანი” საქართველოში მიმდინარე პროტესტებთან და ხელისუფლების მიერ აქციების ძალადობრივ დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობამ დეკლარირებული ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ ხალხს.
კლუბი აღნიშნავს, რომ "ასეთ სახალხო წინააღმდეგობრივ ბრძოლებში, გაერთიანებასა და თვითორგანიზებასთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი ქმედითი გამოსავალი და ძლიერი იარაღი – საყოველთაო გაფიცვა.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
„უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის, პალესტინაში მიმდინარე გენოციდის, მსოფლიოში ულტრამემარჯვენე, ფაშისტური რიტორიკის აღზევებისა და მზარდი ავტორიტარიზმის კვალდაკვალ საქართველოს ხელისუფლებამ ღია, დეკლარირებული ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ ხალხს, და იმ დაუღალავი შრომით შექმნილ სახელმწიფოებრიობას, რომელ შრომასაც წლების განმავლობაში ითვისებს და ფეხქვეშ თელავს მჩაგვრელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა.ამ შრომის ღირსეულად დაფასების, და საზოგადოებასთან ერთად სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ყოველდღიური მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს, რუსული და ჰომოფობიური კანონებით გაანადგუროს საერთო მონაპოვარი – თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოება, და აღარც მალავს, რომ ამ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით, ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს, ცდილობს დაიწყოს რეპრესიები, დააწესოს ცენზურა და ტოტალური კონტროლი ხალხის წინააღმდეგ.
რაც ყველაზე შემზარავია, ცდილობს, ღირსება აყაროს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულოს საზოგადოების ნაწილი, გახდეს მისი ანტისახალხო დანაშაულის თანამზრახველი. რუსული და ანტილგბტ კანონის ინიციირება, გენდერული კვოტების გაუქმება, ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება, ქალების წინააღმდეგ ღირსების შემლახავი კამპანია, სიძულვილის გაღვივება და სექსისტური გზავნილები – ამ მტრული და ზიანის მომტანი ნაბიჯების გაცხადებული მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყველა საბაზისო უფლებაზე აგრესიული თავდასხმა განურჩევლად, და ყველა იმ ინდივიდისა თუ ჯგუფის კრიტიკული ხმის განეიტრალება, რომლებიც უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან.
დღეს, 1 მაისია, მშრომელთა საერთაშორისო დღე. ხელისუფლებამ ამ დღის აღნიშვნა სწორედ 2013 წლის პირველი მაისის მსვლელობის დარბევით დაიწყო, და ახლაც, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით აგრძელებს. ჩვენს წინაშე აღმართული ამ კიდევ ერთი გამოწვევის დასაძლევად, ჩვენს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, დროა, ხმამაღლა გაისმას მშრომელთა ხმა, რომლის ჩახშობასაც უმოწყალოდ ცდილობდა და ცდილობს მჩაგვრელი სისტემა, და რომლის დაუფასებელ შრომაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო.
ასეთ სახალხო წინააღმდეგობრივ ბრძოლებში, გაერთიანებასა და თვითორგანიზებასთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი ქმედითი გამოსავალი და ძლიერი იარაღი – საყოველთაო გაფიცვა!
მხნეობა და გამძლეობა ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველგან”.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.
17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.