
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
01/05/2024 07:12:15 სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
"2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.
17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.