Accentnews.ge
შსს: აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო

შსს: აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო

01/05/2024 06:29:38 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე არაერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართული აქცია არ ჯდებოდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში და მოქალაქეები ხელოვნურად კეტავდნენ საგზაო მოძრაობას სხვადასხვა ქუჩაზე ღამის განმავლობაში.

„საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შრის, ქვებს და ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა პოლიციელმა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში,“ - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, პოლიციელების დაზიანებების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს იძიებს, თავად პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს კი სავარაუდოდ, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

დარახველიძის თქმით, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე. დაკავებულებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

მინისტრის მოადგილეს დაშავებული მოქალაქეების შესახებ არაფერი უთქვამს. 30 აპრილის აქციაზე პოლიცია ინტენსიურად იყენებდა როგორც სპეციალურ საშუალებებს (წიწაკის სპრეი, ცრემსადენი გაზი, წყლის ჭავლი), ასევე ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს.

რა თქვა დარახველიძემ (განცხადება სრულად)

"2024 წლის 30 აპრილს, აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით დილის 11:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა აქცია. სამართალდამცველები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეების უსაფრთხოებას. დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქცია პარალელურად დაიწყო პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა განათავსეს სცენა. აქციას სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები, პოლიციამ უზრუნველყო მათი მშვიდობიანი გადაადგილება ასევე, საჭიროებისამებრ რუსთაველის გამზირზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, მათ შორის, იმართებოდა პლენარული სხდომა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დღის ბოლოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პლენარული სხდომა მიუახლოვდა დასასრულს, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები და აქციის მონაწილეები განთავსდნენ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მდებარე შენობის გამოსასვლელებთან. ისინი ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვების შესაძლებლობას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. მიუხედავად პოლიციის მხრიდა გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა, ამასთან, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად გაეგრძელებინათ პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის.

სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალურ საშუალებებთანერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში, არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ, ისინი პოლიციის მისამართით ხშირად ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს და საგნებს, მოახდინეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა.

საზოგადოებამ კარგად ნახა, და ეს სხვადასხვა არხების პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 00:30 საათისთვის თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს და მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა ხელოვნურად, საგნებისა და ტექნიკისა და სხვადასხვა კონსტრუქციის გამოყენებით რამდენიმე საათით ჩაკეტეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა.

აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ აგრესიას ავტომობილების მძღოლების მიმართ, მათ ასევე დააზიანეს კერძო პირების ავტომობილები. რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 04:30 საათიდან საპოლიციო დანაყოფებმა სრულად გაათავისუფლეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარეტერიტორია.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა, ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, დაუშვებელია საავტომობილო გზების პარალიზება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ საავტომობილო გზებზე განზრახ შექმნან დაბრკოლებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირიდააკავეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S