
ვაშაძე: ლევანმა მითხრა, რომ მის ცემას უყურებდა გოგა მემანიშვილი, მას თავდასხმისას ტელეფონით უღებდნენ
01/05/2024 00:10:34 საზოგადოება
კლინიკაში ლევან ხაბეიშვილის მონახულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ენმ–ის თავმჯდომარემ გაითვალისწინა ოჯახის და კოლეგების თხოვნა და დღეს კლინიკაში დარჩება.
ამასთან, ისაუბრა ძალადობის ეპიზოდზე ხაბეიშვილზე დაყრდნობით.
„ნიღბიანმა ადამიანებმა შეათრიეს, სცემეს. ასევე, ლევანმა მითხრა, რომ გოგა მემანიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამ ყველაფერს ესწრებოდა. დანარჩენი თავდამსხმელები სპეცრაზმის ნიღბიანი თანამშრომლები იყვნენ. ერთხელ სცემეს, შემდეგ ბოდიშის მოხდა სთხოვეს, რაც ლევანმა, რა თქმა უნდა, არ გააკეთა. "ეს რა ენერგიაზე ყოფილაო" და ძირს დააგდეს და ცემეს. რაღაც მომენტში ხაბეიშვილმა გონება დაკარგა. უკვე ნაცემი მოიყვანეს კლინიკაში. კონკრეტულად ვინ მიიყვანა ის კლინიკაში, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, გასარკვევია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ამბობს, რომ თავად ცემის ფაქტს ძალოვანები ტელეფონით იღებდნენ.
ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა ჭელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, პაციენტს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ამჟამად არაოპერაციული ჩარევის გზით ძვლების მთლიანობის აღდგენაა დაგეგმილი.
ექიმის თქმით, ლევან ხაბეიშვილის სახის არის გარდა სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო რაც შეეხება თვალს, მისი მთლიანობა დარღვეული არ არის.
„ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის.
ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი არ აქვს. თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის ძვლების მთლიანობის აღდგენა. ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევები ჩატარებული გახლავთ დროულად“,- განაცხადა კახა ჭელიძემ.