
"მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია" (ვიდეო)
28/12/2019 09:09:52 კონფლიქტები
უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
„გუშინ მითხრეს, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში, მადლობა გითხრათ ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია მთავრობა იქნება, ეს პარლამენტი, პოლიცია თუ ვინ. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და ყველას ვინც გვერდში მედგა, ყველას დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც ამ წუთებში გორის პოლიციაში იმყოფება.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:
„საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“.
ოსური მხარე გაფრინდაშვილის გათავისუფლების საფუძვლად შეწყალების შესახებ მის თხოვნას ასახელებს
ცნობისთვის: 20 დეკემბერს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მანამდეც და ამ პროცესზეც გაფრინდაშვილი დაჟინებით იმეორებდა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, რომ არავითარი "საზღვარი" არ არსებობს და შესაბამისად, ის მას ვერ დაარღვევდა. ეს "აქცენტს" პროცესზე დასასწრებლად თბილისიდან ცხინვალში ჩასულმა ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემაც დაუდასტურა.
ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს.
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები. საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.