
სახალხო დამცველი შსს–ს და დემონსტრანტებს მიმართავს
30/04/2024 20:10:54 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს, დემონსტრანტებს მოუწოდებს, არ გასცდენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, თუმცა მკაფიოდ არ არის განმარტებული, ირღვევა თუ არა დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრების უფლება. მანამდე სპეცრაზმმა მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, ამასთან, ჩიტაძის ქუჩიდან დაიწყო და დაიწყო რუსთაველის გამზირზე გააგრძელა დემონსტრანტების დაშლა.
ომბუდსმენი შსს–საც ახსენებს საკუთარ ვალდებულებებს, მათ შორის, სპეცსაშუალებების გამოყენების შესახებ.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე.
ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე და პირველადი შეფასებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ.)წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.
ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.
ასევე სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია განცხადებაში.